26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
საპროტესტო აქცია აეროპორტში - ვინ როგორ შეხვდა მოსკოვი-თბილისის პირველ ფრენას 

მოსკოვი-თბილისი - პირველი რეისი შესრულებულია. პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და აეროპორტის შესასვლელისკენ გაქცევა სცადეს. ადგილზე დაპირისპირება თბილისის აეროპორტში, რუსული ავიახომალდის ჩამოფრენას მოჰყვა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 6 მონაწილე, მათ შორისაა პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილიც.

პირველი რეისის შესრულებას, სტვენით, შეძახილებით და ბანერებით დახვდნენ პოლიტიკოსების ნაწილი და მათი აქტივისტები. დემონსტრანტებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისროლეს შეღებილი კვერცხებიც.

მოსკოვიდან პირველი პირდაპირი რეისის შესრულებას ხმაური მოჰყვა აეროპორტშიც. აზიმუტის თვითმფრინავი თბილისში 13 საათსა და 15 წუთზე დაეშვა. მოსკოვიდან ჩამოსულებს შორის იყვნენ ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრები- მერაბ ჭირაქაძე და ვალერი კვარაცხელია, ასევე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ბიზნესმენი მამუკა ფიფია.

აზიმუტის მგზავრებმა თბილისის აეროპორტი პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სამართალდამცველები დილიდან, აეროპორტის ყველა შესასვლელსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებულნი. ჩამოსულ მგზავრებსა და აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან, პოლიციის რამდენიმე კორდონი ყოფდა. სამართალდამცველებმა შენობის გარეთ შეკრებილი დემონსტრანტებს წესრიგის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში მხოლოდ მგზავრებს და ობიექტზე დასაქმებულ პირებს დაუშვებს. უწყების თქმით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მის შესასვლელებთან ოცი მეტრის რადიუსში.

აქციის მონაწილეები, თბილისის აეროპორტამდე საავტომობილო მსვლელობით მივიდნენ. დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედანზე 12 საათზე შეიკრიბნენ და მოსკოვიდან პირველი პირდაპირი რეისის დასახვედრად დროშებით წავიდნენ.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები