26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ოპოზიციის უარი მმართველი გუნდის შეთავაზებაზე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ოპონენტებს კონსულტაციებს სთავაზობს

უმრავლესობის ლიდერის ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს მხოლოდ ფორმალურად ჩატარდა. კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრის ასარჩევად, დეპუტატებს 4 კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები შესთავაზა, თუმცა დარბაზშივე მიიღო უარი ოპონენტებისგან, რომლებმაც წინადადება არც კომპრომისად და არც კონსენსუსის შესაძლებლობად მიიღეს. "ქართული ოცნების" ლიდერებმა კი დეპუტატებს პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე მიუთითეს.

გაახსენეს ომბუდსმენის არჩევის პროცესიც. ომბუდსმენის არჩევის მსგავსად, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებით შევსებაც ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია. ვის სურს რეალურად 12 პირობის შესრულება? - ეს საკითხი დარბაზში დღესაც კამათის საფუძველი გახდა.

მმართველი გუნდი ოპონენტების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობდა. ოპოზიცია კი საბჭოს 3 წევრის არჩევას კოლეგებთან ფარულ გარიგებას უწოდებდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოგვიანებით უკვე სხდომათა დარბაზის გარეთ დააზუსტეს, რომ უმრავლესობასთან კონსულტაციებში არ ჩაერთვებიან, რადგან წარდგენილი 4 კანდიდატის გარშემო შეთანხმების რესურსს ვერ ხედავენ.

კონკრეტული პერსონების შეთავაზების ნაცვლად მხარეებმა რომ მხოლოდ მიუკერძოებლობის პრინციპით უნდა იმსჯელონ, ამაზე აქცენტს აკეთებს მმართველი გუნდი. ქართული ოცნების ლიდერების განმარტებით, ოპოზიციამ უნდა დაასაბუთოს, დარჩენილი 4 კანდიდატი საბჭოს წევრისთვის შესაბამის რომელ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი არჩეულია. დარჩენილ 2 ვაკანტურ პოზიციაზე ასარჩევად კენჭისყრა 30 მაისს უნდა გაიმართოს.

დღის ამბები