26 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
"კოკაინი", "ჰეროინი", "ჰაშიში" "მეტადონი", "ამფეტამინი", "მარიხუანა" - ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში ათეულობით ადამიანი იყო ჩართული, დაკავებული 55 პირიდან 37 ნარკორეალიზატორია

თავისუფლების ქუჩაზე ხმაური 26 წლის მამაკაცის დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციას მოყვა. ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრებმა არაერთხელ სცადეს ხელი შეეშალათ სამართალდამცველებისთვის, რომლებმაც ნარკორეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული სახლში აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, ამ მისამართზე გამთენიისას სპეცრაზმი, ფირდოვსი ფაშაევის დასაკავებლად მივიდა.

სამი საათის განმავლობაში მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, ჩატარდა ჩხრეკა, პოლიციამ სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკი და თანხა ამოიღო, რომელიც 26 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გაყიდვის შედეგად მიიღო.

ქუთაისი, თავდადებულის ქუჩა - ეს კიდევე ერთი მისამართია, სადაც ნარკოდანაშაულის საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია არჩილ ფურცელაძე. პოლიციამ ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანა.

სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის საქმეზე დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 55 პირი, 37-ს გამოძიება ნარკოტიკების გასაღებას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ დაკავებამდე სამართალდაცმველები რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებდნენ. საქმეში დევს კონკრეტული მტკიცებულებებიც.

ფარული კადრები ნარკოდანაშაულის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინებით, საკონტროლო შესყიდვები გადაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში ნარკოტიკების გაყიდვის და ფულის აღები ფაქტებიც ჩანს. ჩანაწერების მიხედვით, დაკავებულები ხშირ შემთხვევაში აკრძალულ ნივთიერებას, შემკვეთს წინასწარ შერჩეულ ადგილას უტოვებდნენ, თანხას კი მომხმარებლისგან ბარათზე ჩარიცხვით იღებდნენ.

კოკაინი, მეტადონი, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, სუბოტექსი, მდმ, სუბოქსინი, ჰეროინი, ტრამადოლი, მეფედრონი, ამფეტამინი - ეს იმ ნარკოტიკების ჩამონათვალია, რომლებიც სამართალდამცველებმა ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ამოიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს, 26 ვაზნას და 2 მჭიდს უკანონოდ ინახავდა. დაკავებულების უმეტესობა მოხმარებას ადასტურებს, გასაღებას კი უარყოფს. "კურიერი" რეალიზაციის ბრალდებით, თბილისში დაკავებულ იური ხუციშვილის ადვოკატს ესაუბრა.

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის ჩადენა აიძულეს. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ნარკოდანაშაულის საქმეზე ამ დრომდე გრძელდება. არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები