ბიზნესმენი, რომლის ლიკვიდაციის გეგმითაც საქართველოში, პაკისტანელი ამირ ხანი ჩამოვიდა, პროცესს ვერ დაესწრო. იციკ მოშე გამოსაკითხ პირთა სიაშია და ამიტომ ბრალდებულების პირისპირ ვერ მოხვდა, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი გამოძიების დასრულებას ელოდება და დაკავებულებისთვის ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს.
პაკისტანელი "ქილერი" ამირ ხანი სასამართლო სხდომაზე დღესაც გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს და სხვა ბრალდებულებისგან დისტანცირებულად დასვეს. დაკავებულების ადვოკატებს პროცესზე შესავალი სიტყვით არ უსარგებლიათ, მათ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვეს. ამირ ხანს და სხვებს, ბრალი, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ედებათ. პაკისტანელი "კილერი" ერთადერთია, ვინც წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მისი თანამზრახველები კი დუმილის უფლებას იყენებენ.
სახელმწიფო ბრალდებამ შესავალ სიტყვაში ახსნა, როგორ აწვდიდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ვაზნებს ამირ ხანს თანამზრახველები. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში დევს ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც დასტურდება, რომ იარაღი და ვაზნები გამოსაყენებლად ვარგისია და მათზე ბრალდებულების ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი.
იციკ მოშეს ლიკვიდაციის გეგმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის ნოემბერში აღკვეთა. გამოძიებით დგინდება, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ალქაიდას" წევრი, პაკისტანის მოქალაქე, თბილისში ირანელმა დამკვეთმა გამოაგზავნა. პაკისტანელი "კილერი" ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ სახლში დაბინავდა და იციკ მოშეს გადაადგილების მარშრუტს სწავლობდა. გამოძიების ინფორმაციით, ამირ ხანს იარაღით საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეები მოჰსენ რაფი მიანდაშთი და ფარჰად ფაშაი უზრუნველყოფდნენ, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციით თბილისში აიყვანა. დაკავებულები, პაკისტანელ "კილერთან" კავშირსა და მკვლელობის მზადებაში მონაწილეობას უარყოფენ.
ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობის საქმის გამოძიება ცალკე წარმოებად გამოიყო. პროკურატურა სწავლობს, როგორ იგეგმებოდა იციკ მოშეს ლიკვიდაცია და ჰყავდა თუ არა პაკისტანელ "კილერს" სხვა მოკავშირეებიც. დაკავების შემდეგ, ამირ ხანმა გამოძიების წინაშე აღიარა, რომ თბილისში იციკ მოშეს ლიკვიდაციის გეგმით ჩამოვიდა, თუმცა ახლა დუმილის რეჟიმშია. ბრალდება ამბობს, რომ "კილერს" მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩვენების მიცემა მაინც მოუწოვს და არ არის გამორიცხული მას და მის მოკავშირეებს ბრალი დაუმძიმდეთ.
ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის აღკვეთას ისრაელის მედია არაერთხელ გამოეხმაურა. ცნობილია, რომ მკვლელობის დაკვეთა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ყუდსის ძალებიდან მოდიოდა, რომლებიც მანამდე ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ.
პაკისტანელი "კილერის და მისი მოკავშირეების საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს გაიმართება. პროცესზე შესავალ სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება.
ავტორი: ანუკა ბუავა