სპეცოპერაციები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 არის ნარკორეალიზატორი.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში - კერძოდ ისინი ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა აპლიკაციის და სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდდნენ. ნივთიერებებს ტოვებდნენ კონკრეტულ ადგილებში და შესაბამისი აღნიშვნებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს.
ამოღებულია სხვადასხვა ნივთიერება - მათ შორის "კოკაინი", "ჰეროინი", "სუბუტექსი", "ემ დი ემ ეი", "სუბოქსინი" და სხვა.
პოლიციამ რამდენჯერმე განახორციელა საკონტროლო შესყიდვა. დაკავებულებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
დაკავებულების უმეტესობა დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს - მოხმარებას, ხოლო რეალიზაციას კატეგორიულად უარყოფენ.
"კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები - ვიდეოჩანაწერი, თუმც არასაკმარისი იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებით დაამტკიცოს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული აიძულეს დანაშაული ჩაედინა.
დაკავების ღონისძიების ჩატარებამდე სამართალდამცავები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ მოეპოვებინათ საკმარისი მტკიცებულებები მათ შორის, მათ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაიღეს ფარული კადრები, საკონტროლო შესყიდვები.