26 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ვინ არიან ის დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მმართველი გუნდის კანდიდატებს მისცეს ხმა - თინა ბოკუჩავა კოლეგებს ასახელებს

"ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ხუთ დეპუტატთან, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მმართველი გუნდის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ მისთვის არ არის საკმარისი ის არგუმენტები, რასაც მისი კოლეგები ასახელებენ.

"ის არგუმენტები, რაც მე მოვისმინე ამ ადამიანებისგან, ნამდვილად არ არის საკმარისი და მისაღები. კიდევ ვუსმინე რამდენიმე კომენტარს, ასევე ამ ხუთიდან ერთ-ერთის, რომელმაც რაღაც გაუგებრობას მიაწერა ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ დღეს ოპოზიციის მონაწილეობით მოხდა უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი ჩაეგდო. ვიღაცამ შეცდომით მიაჭირა ხელი, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ვიღაცამ რამდენიმე კანდიდატს მისცა, ვიღაცამ იმას არ მისცა, ეს არგუმენტები არის ძალიან არასწორი. მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში." ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებმა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა,"-აცხადებს ანა წითლიძე.

ფრაქციის კიდევ ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ეს ადამიანები, რომლებმაც ხმა მმართველი გუნდის კანდიდატებს მისცეს თავისი ფრაქციიდან, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე იყვნენ. მისივე ცნობით, მეხუთე დეპუტატი მათი ფრაქციის წევრი არ არის.

"მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ. რომ ჰქონოდათ ნათქვამი რას აპირებდნენ, პირდაპირ გეუბნებით, იმავე განცხადებას რომელსაც ახლა ჩემგან ისმენთ, მოისმენდით მანამდე. ეს არის თანამშრომლობა "ქართულ ოცნებასთან". რამ გამოიწვია ეს, რა იყო ამის მიზეზი, ამაზე, ალბათ, თავად ისაუბრებენ. საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე და, რამდენადაც ვიცი, კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც ჩვენი ფრაქციის წევრი არ არის,"-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - საჭირო 90 ხმის მობილიზება ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა "კურიერმა" მალევე გაარკვია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ ხუთი ხმა, ხუთი ნომრით გასული დეპუტატებისგან იყო.

დღის ამბები