26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
საქართველო, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია და ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი - ირაკლი ღარიბაშვილი

აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

"ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით. მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ ვისაუბრო, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც შექმნილია მთელს ევროპის კონტინენტზე. გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი - საქართველო, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია და არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი.

ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

 

დღის ამბები