3 მილიონი დოლარი პრორუსი ოლიგარქის ინტერესების გასატარებლად- ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავა. ვსევოლოდ კნიაზევს ქრთამის აღებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, მას ოლიგარქ კონსტანტინე ჟევაგოს ბიზნესკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
კონსტანტინ ჟევაგოს წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება თანხების გაფლანგვის ბრალდებით. ოლიგარქს კანონთან პრობლემები აქვს არამხოლოდ სამშობლოში, არამედ საფრანგეთშიც. მასშტაბური კორუფციული სქემის გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ჩხრეკის ოპერაცია ტარდება კიდევ 18 მოსამართლის კერძო საკუთრებაში.
უკრაინას კორუფციასთან ბრძოლა რუსეთთან ომის პარალელურად უწევს. გვიან ღამით ოკუოპანტები თავს კიევს დაესხნენ. საჰაერო განგაში უკრაინის დედაქალაქში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოკუპანტების ნასროლი 18-ვე "კინჟალის" ტიპის რაკეტა გაანადგურა. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა 3 ადამიანი.
სამოქალაქო ობიექტებზე იერიშს უკრაინელი სამხედროები რუსულ პოზიციებზე მასშტაბური ცეცხლით პასუხობენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბახმუტში მორიგი მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.
რუს ჯარისკაცებთან შეტაკებები გრძელდება მარიინკას და ავდიივკას მისადგომებთან. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ამ მიმართულებებზე ახალი პოზიციები უკრაინელ სამხედროებს არ დაუკავებიათ, მაგრამ წინსვლის საშუალებას არც აგრესორის ძალას აძლევენ.