26 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის დამადასტურებელი დოკუმენტი სტრასბურგში არ გაგზავნილა - ექსპრეზიდენტის ადვოკატები საქმის შეწყვეტას არ გამორიცხავენ

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის დამადასტურებელი დოკუმენტი სტრასბურგში არ გაგზავნილა - "კურიეირი PS-ს" ინფორმაცია დღეს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა. სტრასბურგიდან მორიგი უარის შემდეგ, შესაძლოა, ექსპრეზიდენტის დაცვის მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის გაგრძელებაზე საერთოდ უარი თქვას. სტრასბურგი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს ითხოვს, თუმცა ირკვევა, რომ იმას, რასაც გიული ალასანია და მისი დაქირავებული ლობისტები საჯაროდ ამბობენ, ადვოკატების მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტებში მტკიცებულების სახით არ დევს.

ის რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამკურნალოდ, ამჯერად, ვარშავაში გადაყვანაზე უთხრა უარი - საზოგადოებამ იუსტიციის მინისტრისგან შეიტყო, რატი ბრეგაძემ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილი პატიმრობის პირველივე დღიდან, თავისუფლების მოსაპოვებლად ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებას ცდილობს, სტრასბურგმა კი დაამტკიცა, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში აზრი ორადაა გაყოფილი, მისი იურისტები საქმის შეწყვეტას არ გამორიცხავენ, პოლიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობიდან" კი, ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ. რა რეპუტაციული ზიანი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ლობისტების მასშტაბურმა კამპანიამ და საქმემ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ეს კიდევ ერთი განსახილველი საკითხია პოლიტიკურ წრეებში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან, საქართველო მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა. სალომე ზურაბიშვილისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფმა ქვეყანამ, სტრასბურგის გადაწყვეტილებით რეპუტაციული ზიანი აირიდა.

ავტორი: ანუკა ბუავა.

დღის ამბები