26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ბახმუტიდან საოკუპაციო ძალები უკან იხევენ - ოკუპანტების მარცხზე ალაპარაკდა უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

ომის ყველაზე ცხელი წერტილიდან, ბახმუტიდან ოკუპანტები უკან იხევენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკრაინელებმა 17 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. უკან დახევას აღიარებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.

ოკუპანტების მარცხზე ალაპარაკდა უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთ გზა რუსეთის მიერ საბრძოლო მოქმედების შეწყვეტაა. მან ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ მშვიდობის ფორმულას.

მანამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე ისაუბრა.

უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევების მიუხედავად, რუსეთი დანებებას არ აპირებს და ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები ტრადიციულად მაშინ მიიტანა, როცა მოსახლეობას ეძინა. დილა დაბომბვით დაიწყო ხმელნიცკის ოლქში, შედეგად დაშავდა 21 ადამიანი. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა კიევის ოლქშიც. 3 ადამიანი დაშავდა ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მიკოლაევში. 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა იერიშებს ხერსონსა და დონეცკიში. დანაკარგებს განიცდის რუსული მხარეც.

აგრესორი ქვეყნის დამარცხების საკითხი დასავლეთში კვლავ მნიშვნელოვანი განხილვის თემაა. შვედეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გარდა კვლავ აქტუალური თემა სანქციების 11-ე პაკეტია. ევროკავშირში იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას მომდევნო კვირას მიაღწევენ.

დასავლური მხარდაჭერის ნათელი მაგალითი შვეიცარიის გადაწყვეტილებაა. შვეიცარიამ კანონი შეცვალა და 1815 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ქვეყნებს უკრაინისთვის შვეიცარიისგან შეძენილი სამხედრო მასალის გადაცემის საშუალებას მიეცემა.

დღის ამბები