დონალდ ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა მწერალი და ჟურნალისტი ჯინ ქეროლი, შემდეგ კი "მატყუარას“ წოდებით პატივი და ღირსება შეულახა - ასეთია მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს 9 ადამიანისგან შემდგარი ნაფიცი მსაჯულების გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც ჩადენილი საქციელის გამო, ტრამპს მსხვერპლისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდას ავალდებულებს. ტრამპი თანხის გადახდას არ აპირებს და გასაჩივრებას გეგმავს.
გადაწყვეტილების გასაჩივრებით, დონალდ ტრამპი მისი რეპუტაციის გასუფთავებას ცდილობს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მან შესაძლოა პარტიის კანდიდატობა მოიპოვოს, ძალადობის თუნდაც სამოქალაქო საქმეში დადანაშაულებამ, შესაძლოა მაინც იქონიოს გარკვეული უარყოფითი გავლენა მისი მომხრეების ნაწილზე. იმის მიუხედავად, რომ მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ტრამპის ელექტორატი საკმაოდ მყარია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კატეგორიას, რომელიც ამ ვერდიქტს უარყოფითად მიღებს, მოზომილი რესპუბლიკელები და ქალები შეადგენენ.
ჯინ ქეროლმა, რომელიც ახლა 79 წლისაა, აცხადებს, რომ ტრამპმა მასზე მანჰეტენზე, მაღაზია ბერგდორფ გუდმანის გასახდელში იძალადა. მისი თქმით შემთხვევა 1995 ან 1996 წელს მოხდა. გაუპატიურების შემდეგ კი ტრამპმა ქალი სიცრუეში დაადანაშაულა და ღირსება შეულახა. ქეროლმა სასამართლოს შენობა ადვოკატთან ერთად დატოვა. ის ჟურნალისტებთან სასაუბროდ არ შეჩერებულა.
სასამართლო პროცესი 25 აპრილს დაიწყო. მას ტრამპი არ ესწრებოდა და არც ევალებოდა დასწრება. პროცესზე სხვა ქალების ჩვენებაც მოისმინეს. მათ შორის ჟურნალისტ ნატაშა სთოინოვის, რომელიც ირწმუნება, რომ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს კლუბში ძალით აკოცა და ჯესიკა ლიდსის, რომელიც ტრამპს თვითმფრინავით მგზავრობის დროს ძალით კოცნაში ადანაშაულებს. პროცესზე ასევე მოისმინეს ცნობილი ჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ქალზე უხამსად საუბრობს. იმის გამო, რომ დავა სამოქალაქოა, ტრამპს ამ საქმეზე კრიმინალური პასუხისმგებლობა და პატიმრობა არ ემუქრება.