26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
პრეზიდენტის მორიგი ვეტო - რა არგუმენტები აქვს მმართველ გუნდს და რა შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციაში

პრეზიდენტის მორიგი ვეტო - სპეციალურ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევისას მათი მიუკერძოებლობით ხელმძღვანელობს და ეჭვქვეშ არც მათ კვალიფიკაციას აყენებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება იმ კანონპროექტზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არც კი დაინიცირებულა, აბსურდულია. პარალელურად, სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერც ამჯერად წარმოადგენს ვეტოს გამოყენების არგუმენტებს და უმრავლესობას არც მისი დაძლევა გაუჭირდება.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა მიიღო. ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ ჯერ კიდევ დილით პრეზიდენტს გახარიას გუნდის წევრებიც. მათგან განსხვავებული იყო "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიცია. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს ცესკოს წევრობის კომპეტენტური კანდიდატები პარლამენტისთვის დროულად წარედგინა.

ოპონენტების ბრალდებები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, აბსურდულია ის ნორმა, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6-თვის ვადით აკომპლექტებს. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მოქმედი რეგულაციების ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა ევროკავშირის არცერთი ქვეყნის სტანდარტს არ შეესაბამება.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება.

 

დღის ამბები