26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ხაბეიშვილის 1-კანდიდატიანი არჩევნები- რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ნაციონალურ მოძრაობა დაანონსებული 63 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ექვსში აირჩევს

ენმ-ს ახალი თავმჯდომარე რაიონული ორგანიზაციების ყოფილ ხელმძღვანელებს პასუხობს და ამბობს, რომ პარტიაში არჩევნები დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ტარდება.

ხაბეიშვილის მტკიცების მიუხედავად, დაანონსებული 63 მუნიციპალიტეტის ნაცვლად, პარტია არჩევნების ჩატარებას მხოლოდ 6 ქალაქში ახერხებს. ამ 6-ივე რაიონულ ორგანიზაციაშიც 2-2 კანდიდატია დასახელებული და ახალ მენეჯმენტს მელიას გუნდიდან კონკურენტები ჰყავს.

რაიონული ორგანიზაციების ყოფილი ხელმძღვანელები პირიქით, ლევან ხაბეიშვილს ადანაშაულებენ. ახალ თავმჯდომარეს მენეჯმენტის ფორმებს უწუნებენ და ამბობენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხაბეიშვილს მათთან შეხვედრის სურვილიც კი არ გამოუთქვამს. თვლიან, რომ შიდა არჩევნებისთვის დროც არასწორად შეირჩა. მეტიც, ხობის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ზეწოლაზეც კი საუბრობს.

პარტიაში არსებულ მორიგ დაპირისპირებას და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების წასვლას ნიკა მელიას გუნდის წევრებიც გამოეხმაურნენ. ბაჩო დოლიძე მუნიციპალიტეტებში მიღებულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის არაფორმალურ მმართველობას უკავშირებს. მელიას ფრთას ხაბეიშვილის თანამოაზრეები პასუხობენ და ამბობენ, რომ პარტიაში მართვა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული გახდა.

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს აფასებს მმართველი პარტიაც. სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციურ პარტიაში განვითარებული მოვლენები უკვე კომიკურ სახეს იღებს.

”ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მორიგი მიზეზი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნებია, რომელსაც პარტია 17-იდან 20 მაისამდე ჩაატარებს.

დღის ამბები