26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
"ოცნებამ" შესაძლოა ევროპის სოციალისტურ ალიანსთან პოლიტიკური კავშირი გაწყვიტოს - გუნდში გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროპის სოციალისტურ ალიანსთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე გუნდში მსჯელობა გაცილებით ადრე დაიწყეს, ვიდრე ბუდაპეშტში კონსერვატიული ფორუმი გაიმართებოდა და საკითხი ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდებოდა. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ეროვნული იდენტობის დაცვა, ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებაა და ამ ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება მიუღებელი.

განცხადება, რომელზეც არჩილ თალაკვაძე საუბრობს, მამუკა მდინარაძემ გასულ თვეში გააკეთა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მაშინ თქვა, რომ გუნდში პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვაზე იფიქრებდნენ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დღეს თქვა, რომ მმართველი გუნდი წინასწარ მიხვდა პარტნიორი ორგანიზაციის სავარაუდო გადაწყვეტილებას და მათთან ურთიერთობის გადახედვაზეც განცხადება ამიტომ გაკეთდა. ოპოზიციის მეორე ნაწილი ამბობს, რომ სოციალისტურ ფლანგთან "ქართული ოცნების" პარტნიორობა ისედაც არასწორი იყო.

რეზოლუცია, რომელზეც გირჩის დეპუტატი საუბრობს, მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში აკონკრეტებენ, რომ ამ დოკუმენტზე ევროპელი სოციალისტების მხარდაჭერა მათთან ურთიერთობის გადახედვის ერთ-ერთი წინაპირობა იყო. "ოცნების" წევრები დღეს იმასაც იხსენებენ, რომ პოლიტიკური ოჯახის დატოვებაზე მაშინაც საუბრობდნენ, როდესაც კორუფციის ბრალდებით ამ პარტიის წევრები დააკავეს.

სახელისუფლებო გუნდი სოციალ-დემოკრატებთან პარტნიორობის შეწყვეტაზე, სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებს - განცხადება ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ ევროპის სოციალისტურ პარტიას ღირებულებების და რწმენის თავისუფლება ევროპულ ფასეულობად არ მიაჩნია, მაშინ "ქართული ოცნება" მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას გადახედავს.

დღის ამბები