26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
როგორ უნდა იფრინოთ პარაპლანით  - ახალი წესები ფრენის მოყვარულთათვის

პარაპლანისტები გამოცდებისთვის ემზადებიან. პარაგლაიდინგის სფეროში ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, მფრინავების მთავარი ამოცანა საფრენი აღჭურვილობის მოწესრიგებაა. მთავრობის მიერ მიღებული დროებითი წესის მიხედვით, საფრენ სივრცეში დაიშვებიან მხოლოდ ის პილოტები, ვინც თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიიდან 9 თვის შემდეგ, სავალდებულო ხდება საფრენი ტერიტორიების შემოწმებაც. ახალი წესის მიხედვით, სასტარტო მოედნის მოწყობაზე პასუხისმგებელი პარაგლაიდინგის ფედერაციაა, რომელმაც 1 თვის ვადაში 4 კომისია უნდა შექმნას. სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები მფრინავების კომპეტენციას, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობას დაადასტურებენ. ადგილზე იმუშავებენ ოპერატორებიც, რომლებიც წესების შესრულებას დააკვირდებიან და ფრენებს აღრიცხავენ.

თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მფრინავები პილოტის ერთწლიან, ან სამწლიან მოწმობას მიიღებენ. დოკუმენტს პარაგლაიდინგის ფედერაციას დაქვემდებარებული, აღიარების კომისია გასცემს. სამუშაო ჯგუფში იქნებიან მფრინავებიც, რომლებმაც ფედერაციაში განაცხადი უკვე გაგზავნეს.

საფრენ არეალში წესების დაცვას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გააკონტროლებს, რომელიც პერიოდულად გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებასაც ჩაატარებს. სააგენტოში ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები მთავრობამ საერთაშორისო ფრენის სტანდარტების შესაბამისად შემოიღო, მისი დარღვევის შემთხვევაში კი სპეციალური ზომები იქნება მიღებული.

პარაპლანით ფრენების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ახალი წესი, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მინისტრთა კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ სამართლებრივი რეგულაციები პარაგლაიდინგის სფეროში არსებული რისკების გამო შემოიღეს. მთავრობის მიერ მიღებული წესის მიხედვით, დარეგულირდება კომერციული, არაკომერციული და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენები.

ნორმების შესრულების პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს. რეგულაციების დამრღვევი კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები