26 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
შეწყვეტს თუ არა მმართველი გუნდი ევროპის სოციალისტური პარტიის გადაწყვეტილებამდე მათთან თანამშრომლობას - მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

ევროპარლამენტის სოციალისტური ფრთიდან "ქართული ოცნების" მისამართით კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა ყველაზე დიდ კონსერვატიულ ფორუმში მიიღო. ტრადიციული ღირებულებების დაცვა და სარწმუნოების პატივისცემა, რომელიც პროგრესთან თანხვედრაშია - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელიც cpac-ზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობად დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ "ევროპის სოციალისტურ" პარტიას ღირებულებებისა და რწმენის თავისუფლება ევროპულ ფასეულობად არ მიაჩნია, მაშინ "ქართული ოცნება" მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას პოლიტსაბჭოს ფორმატში გადახედავს.

პრემიერმა დღესვე კონსერვატიული პოლიტიკის სამოქმედო კონფერენციის ისტორიაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ პარტნიორებს კონფერენციის მონაწილე ამერიკის პრეზიდენტებიც შეახსენა და თქვა, რომ ტრადიციული ფასეულობები ქვეყნის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრემიერმა ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დაცვაზეც გააკეთა აქცენტი და განმარტა, რომ ხელისუფლება არცერთი მხარის ჩაგვრას არ დაუშვებს.

ევროპის სოციალისტური ოჯახიდან სავარაუდო გარიცხვის თემას ქვეყნის საერთო ინტერესების დაზიანებად მიიჩნევს ოპოზიცია. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე ნეგატიურად აისახება.

ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პარტიას დღეს "ქართულ ოცნებიდანაც" გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო ძალაში, პარტნიორებს ევროპარლამენტის, მათთვის მიუღებელი, რეზოლუციები შეახსენეს და სოციალისტების მხრიდან სავარაუდოდ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაზე გააკეთეს აქცენტი.

"ქართული ოცნება" უკვე წლებია ევროპის სოციალისტური პარტიის პარტნიორი ძალაა. შეწყვეტს თუ არა მმართველი გუნდი სოციალისტების გადაწყვეტილებამდე მათთან თანამშრომლობას, სავარაუდოდ, "ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები