26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ირანული კამიკაძე დრონების ყველაზე მასშტაბური შეტევა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - მოსკოვმა კიევის მიმართულებით 36 შაჰიდი გაუშვა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება შეძლო

ყველაზე მასშტაბური შეტევა კიევზე - ასე გათენდა ომის 439-ე დღე უკრაინაში. ოფიციალური უწყების ინფორმაციით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის მიერ კიევისკენ გაშვებული 36-ვე დრონის ჩამოგდება მოახერხეს. საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

მასიური შეტევა რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინის არაერთი ქალაქზე განახორციელა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოდესაში ოკუპანტებმა წითელი ჯვრის საწყობი დაბომბეს. პარალელურად, საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ზაპოროჟიეს ოლქის 20-ზე მეტ დასახლებაზე მიიტანეს. დაიბომბა ხერსონის ოლქი და სუმის რეგიონის 8 სასაზღვრო დასახლება. თავდასხმებს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში მოჰყვა.

ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად ისევ ქალაქი ბახმუტი რჩება, სადაც რუსი და უკრაინელი სამხედროები კონტაქტურ ბრძოლებში არიან ჩართული. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ ბახმუტის მისადგომებნთან მყოფი რუსული სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი ფრონტის ხაზს აღარ დატოვებს, თუმცა დაჯგუფების ხელმძღვანელმა არაერთხელ თქვა, რომ პოზიციების შენარჩუნება უჭირს.

პოზიციებს ინარჩუნებენ და კონტრშეტევისთვის ემზადებიან ბახმუტში მყოფი უკრაინელი სამხედროები. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია შეტევას ოთხ ქალაქში ცდილობს - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 55 შეტევა მოიგერიეს.

უკრაინელ სამხედროებს ტრადიციულად მადლობას უხდის ქვეყნის პრეზიდენტი. მსოფლიოს კი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ მიმართავს და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას სთხოვს.

ბოლო 24 საათი მარტივი არც რუსეთისთვის აღმოჩნდა. მედიის ინფორმაციით, ბელგოროდზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა. მოსკოვი დამნაშავედ ტრადიციულად კიევს მიიჩნევს. უკრაინას რუსეთის ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია.

დღის ამბები