მთავრობა პარაპლანით ფრენისა და უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. წარდგენილი პროექტის დამტკიცების შემდეგ, ვერცერთი ინდ მეწარმე, ასევე იურიდიული პირი ფრენას ვერ განახორციელებს თუ მფრინავი პროფესიონალი არ არის და მას გამოცდა არ აქვს ჩაბარებული.
ამავე წესის თანახმად, ტექნიკურად სრულად უნდა იყოს გამართული საფრენი აპარატიც. პარაპლანით ფრენის მოყვარულების მონიტორინგს, პარგლაიდინგის ფედერაციასთან ერთად, საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.
წინასწარ განისაზღვრება ის არეალებიც, სადაც მოქალაქეებს პარაპლანით ფრენა შეეძლებათ. რეგულაციების შემოღება და გამკაცრება, ერთი წლის წინ, გუდაურთან მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. პარაპლანით ფრენის დროს, ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა და მათგან ერთი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა ვერტმფრენმაც, აფეთქების შედეგად კი 8 ადამიანი დაიღუპა.
"ამ წესის მიღების შემდეგ, ვერცერთი ინდ მეწარმე, ან იურიდიული პირ ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი, პილოტი არ არის პროფესიონალი, არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ამ წესის თანახმად, თვითონ აპარატურა უნდა იყოს გამართული. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული საკითხებია, მაგრამ აქამდე ეს გაწერილი არ იყო. არ არსებობდა ვალდებულება, რომ ეფრინათ გამართული აპარატურით და მეორე საკითხია, ის ვინც არის ფრენაზე პასუხისმგებელი, სავალდებულოდ იყოს ამ საქმის მცოდნე. ეს რეგულაციები შემოდის, ასევე მონიტორინგი, რომელსაც ფედერაცია განახორციელებს", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.