26 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონის რანგში, 33 წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა - ქართველ ფეხბურთელს იტალიური მედიისგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ერგო

ნეაპოლში, ოფიციალური ზეიმი ფლორენციის "ფიორენტინასთან" გამარჯვებამ კიდევ უფრო გაალამაზა. მატჩის დასრულების შემდეგ, "მარადონაზე" ზღაპრული საღამო დაიწყო - ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელი და კლუბის თანამშრომელი "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე", ცალ-ცალკე გამოიყვანეს.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს დროშით გამოჩნდა. გულშემატკივრები, "ნაპოლის" მოთამაშეებიდან ყველაზე დიდი ოვაციებით, ქართველ ფეხბურთელს შეხვდნენ.

"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონის რანგში, 33 წლის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა, "სტადიო მარადონაზე" საკუთარი პუბლიკის წინაშე პირველად ითამაშა, მას შემდეგ, რაც ნანატრი "სკუდეტო" ოფიციალურად გაიფორმა. იტალიის ახალმა ჩემპიონმა, "ფიორენტინა" ვიქტორ ოსიმენის ზუსტი პენალტით დაამარცხა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. ქართველ ფეხბურთელს, იტალიური მედიისგან, ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ერგო.

"ფიორენტინასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ გადაცემა Bobo TV-ში, ხვიჩა კვარაცხელიას სეზონი შეაფასა. იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის აზრით, ქართველს 9.5 ქულა ეკუთვნის, რადგან ასეთი გავლენა სერია A-ზე, არცერთ ახალწვეულ ფეხბურთელს არ მოუხდენია.

34 ტურის შემდეგ, "ნაპოლიმ" 83 ქულა მოიპოვა და მეორეადგილოსან იუვენტუსს 17 ქულით ასწრებს. გუნდი იტალიის ჩემპიონია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. 2007 წლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველი მოთამაშეა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, პირველივე სეზონში, ყველა ტურნირზე, 39 შეხვედრაში, 14 გოლი და 14 საგოლე პასი აქვს მითვლილი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც მოიაზრება.

დღის ამბები