26 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლების ცვლილების დაანონსება უკრაინდიან - დავით არახამია ისევ გააქტიურდა

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა დავით არახამიამ, პოლიტიკური სურვილები საქართველოსთან მიმართებით, კიდევ ერთხელ, გააჟღერა. რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მეგობარი ქვეყანა, არსებული მთავრობის პირობებში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. არახამიას ფორმულას, მისი ქართველი პოლიტიკური პარტნიორები იზიარებენ. "ნაცმოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" დარწმუნებულია, რომ სტატუსზე უარის თქმა, სწორედ ხელისუფლების ცვლილებაში უნდა დაკონვერტირდეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ხანგრძლივი ომის პირობებში, არახამია საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებს, რომ აანონსებს - მმართველი გუნდის აზრით, მინიმუმ არაეთიკურია. მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსნის მხრიდან, მსგავსი შინაარსის განცხადებებს უმრავლესობა, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებს.

არახამიას სურვილებს და გათვლებს კრიტიკულად აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. პოლიტიკოსები რადას დეპუტატის ქართული რეალობის ცოდნას, დაბალ შეფასებას აძლევენ. ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების ცვლილებას, მწვავე განცხადებების ნაცვლად, კონკრეტული სტრატეგია სჭირდება, რომელიც არ არსებობს.

ოფიციალური კიევის წარმომადგენელს, დღეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმაც უპასუხა. არჩილ თალაკვაძე, რომელიც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, არახამიას სამოქმედო ვექტორის გასწორებას ურჩევს. თალაკვაძის აზრით, მცდელობა ქართველი ხალხი და ხელისუფლება დააშორონ, უშედეგოა და მხოლოდ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დაზიანებას ემსახურება.

რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით დიდი ხანია გამოირჩევა. არახამია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მალევე, ქართველ მაღალჩინოსნებს ბრალდებებს უყენებდა და სანქცირებით იმუქრებოდა, თუმცა ამ დრომდე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

დღის ამბები