არასრულწლოვნებზე სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტზე იმერეთში მოკვლევა გრძელდება. ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველიც. "კურიერთან" მომხდარის შესახებ ისაუბრეს არასრულწლოვნის ოჯახმა, სკოლის პედაგოგმა და რესურს ცენტრმა.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ვანის ერთ-ერთი სკოლის მძღოლი, რომელსაც მოსწავლე გარყვნილ ქმედებაში ამხელს, საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა, თუმცა რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საგამოძიებო მოქმედებას ჯერჯერობით უცნობია. მისთვის ბრალის წარდგენის ან დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
"კურიერი" დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა დაზარალებული არასრულწლოვნის ოჯახში, სადაც მომხდარი გაიხსენეს და აღწერეს როგორ შეატყობინა 11 წლის გოგონამ ოჯახს მომხდარის შესახებ. არასრულწლოვნის ოჯახში ამბობენ, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლების თანდასწრებით უკვე გამოიკითხა.
"ფიზიკური ძალადობა გამოიჩინაო და მეტი არაფერი, გაშავებული იყო ბავშვი სახეზე, ანერვიულებული მოვიდა. დედამ წაიყვანა დირექტორთან. ჩვენ არ მიგვიმართია, პოლიციამ თვითონ გამოგვიძახა," – ამბობს არასრულწლოვნის ოჯახის წევრი.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. მოსწავლეებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
ფაქტის გახმაურების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო.
"კურიერი" იმყოფებოდა იმ სკოლაშიც, სადაც სავარაუდო დამნაშავე მუშაობდა მძღოლად და სადაც სკოლის დირექტორი სავარაუდო დამნაშავის, მძღოლის მეუღლეა.
"შევიტყვეთ, რომ მოხდა ასეთი შემზარავი ფაქტი და ძალიან შეწუხებული ვიყავით, დირექტორი შემოვიდა და ტიროდა. გვითხრა, ასეთი რა მოხდა და მე უნდა დავტოვო სამსახურიო. არასდროს შემიმჩნევია, მე პირადად დავყვები ამ მარშრუტკას. არ მაქვს უფლება რიგით მასწავლებელს ბავშვი გავაჩერო და ამ საკითხზე გავესაუბრო," - აცხადებს ერთ-ერთი მასწავლებელი.
სახალხო დამცველი საქმის სრულყოფილად გამოძიებას მოითხოვს.
"ვანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც მოვითხოვეთ, რომ სრულყოფილად მოხდეს ამ საქმის გამოძიება. მოვახდენთ ამ გამოძიებაზე მონიტორინგს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და ჩვენ ვნახეთ გავრცელებული კადრები, გაირკვეს ხომ არ ჰქონდა ადგილი სხვა არასრულწლოვნების მიმართაც ანალოგიურ დანაშაულს. სრულყოფილად ჩატარდეს გამოძიება, გამოიკვეთოს ყველა დამნაშავე პირი და მიეცეს სათანადო პასუხისგებაში," - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.