26 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
მასშტაბური ტერაქტების გეგმა მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები გაშიფრა და ტერორისტული დაჯგუფების გავლენიანი ფიგურა დააკავა

მასშტაბური ტერაქტების გეგმა მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები გაშიფრა და ტერორისტული დაჯგუფების გავლენიანი ფიგურა დააკავა. მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია - "კურიერის" ინფორმაციით, საქართველოში დაკავებული საერთაშორისო დამნაშავე,თურქეთის მოქალაქეა.

ვაშინგტონი, ბრიუსელი, ბერლინი, ლონდონი, პარიზი - "კურიერის" ინფორმაციით, ტერორისტები იერიშს დიდ ქალაქებზე გეგმავდნენ. უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, დაკავებულის კონსპირაციული ბინიდან ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღო. ევროპასა და ამერიკაში შესაძლო თავდასხმის ობიექტების სატელიტურ ფოტოები, ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირების ვინაობა, კომუნიკაციის ფორმა და მეთოდები - გაშიფრულია სქემა, რომელიც ქართულმა მხარემ პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთს უკვე გააცნო.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ინფორმაცია გაუზიარა, თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაციები ჩატარდა. კადრებში ჩანს, როგორ აიყვანეს ტერორისტული დაჯგუფების 74 წევრი, რომლებიც ტერაქტების სერიას გეგმავდნენ. მასშტაბური დაკავებები, დიარბაქირის 23 პროვინციაში ჩატარდა. ამ დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა. ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ, თურქულმა მედიამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც ახსენეს.

თურქულ მედიაში საქართველო შესახებ, ცრუ ინფორმაცია დაიწერა - ასე შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სტატიის ის ნაწილი, სადაც საქართველოზეა საუბარი.

საქართველოში ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების არსებობას გამორიცხავენ ექსპერტებიც. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, რუსულ ინტერეს ატარებს.

სუს-ის მიერ ჩატარებულ ოპერაციას, წარმატებულად აფასებენ პოლიტიკოსები. მათი თქმით, თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ტერორისტები საბრძოლო გადამზადებას გადიან, უსაფუძვლოა.

უსაფრთხოების სამსახური, თურქეთის მოქალაქის დაკავების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ოპერატიულ სამძებრო და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. არ არის გამორიცხული, ტერორიზმის საქმეზე, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

დღის ამბები