26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
რატომ არ დაემთხვა ერთმანეთს მანჯგალაძე-ვაშაძის განცხადებები - ე.წ ქოლცენტრების საქმე გრძელდება

ე.წ ქოლცენტრების საქმის სავარაუდო გაგრძელება- მისამართი ამჯერად აღმაშენებლის 75 ნომერია. გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რა კავშირი აქვთ გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეგრეთ წოდებულ ქოლ-ცენტრების საქმესთან. შენობაში, რომელიც სამართალდამცველებმა დალუქეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის ძმა სასტუმროს ფლობს. სანამ გამოძიება იკვლევს, ძარცვავდნენ თუ არა ევროპელ პენსიონერებს აღმაშენებლის 75 ნომრიდანაც, პოლიტიკური სპექტრი არკვევს რატომ აერია სტრატეგია, "სტრატეგია აღმაშენებელს" და რატომ ვერ დაემთხვა ერთმანეთს მანჯგალაძე-ვაშაძის განცხადებები.

საკუთარი განცხადების განმარტება პაატა მანჯგალაძეს უკვე მეორედ მოუწია. გუშინდლისგან განსხვავებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, დღეს, ამტკიცებს, რომ აღმაშენებლის გამზირის 75 ნომერთან, სადაც სამართალდამცველებმა სავარაუდო ე.წ ქოლ ცენტრი აღმოაჩინეს, კავშირი არ აქვთ. პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი თავდაპირველი განცხადება, სიმართლეს არ შეესაბამება და დალუქულ ოფისებთან პარტიის ლიდერის დაკავშირება, მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და გიორგი ვაშაძის დისკრედიტაციას ემსახურება.

მანჯგალაძის შეცვლილი რიტორიკა და პირველ ეტაპზე, "სტრატეგია აღმაშენებელში" გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ეჭვებს უჩენს საპარლამენტო უმრავლესობას. პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, დანაშაულებრივ სქემასთან ოპოზიციის ნაწილის კავშირები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა. ამ ყველა კითხვაზე პასუხს კი, უმრავლესობა გამოძიებისგან ელოდება, რომელმაც მათი თქმით, ბოლო თვეებში არაერთი მსგავსი ფაქტი გამოავლინა.

სავარაუდო ე.წ. ქოლ ცენტრების მორიგმა საქმემ და მასთან გიორგი ვაშაძის შესაძლო კავშირმა, საპარლამენტო ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, სწორედ ასეა შესაძლებელი საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

გამოძიების ინტერესების დაზიანების მცდელობად აღიქვამს მმართველი პარტია ოპოზიციის მოთხოვნას. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მათ ოპონენტებს ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე გარკვეული ფაქტების დამალვისა ან დამატებითი ინფორმაციების მოსაძიებლად სჭირდებათ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას” მიზანშეწონილად არ მიაჩნია, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოძიების პარალელურად, პროცესი პარლამენტშიც დაიწყოს.

აღმაშენებლის 75-ში არსებულ ოფისში სამართალდამცველები, 2 დღის წინ გვიან ღამით შევიდნენ, დალუქეს ტერიტორია და ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ იმ შენობის ერთ-ერთი თანამფლობელი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, დავით ვაშაძეა, პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის ძმა. მან სავარაუდო ქოლ ცენტრებთან კავშირი გუშინვე უარყო, დღეს კი დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიება ე.წ. ქოლ ცენტრებზე საუბრობს. მათ შორის, გასულ წელს ქართველმა და გერმანელმა გამომძიებლებმა ერთობლივი მუშაობით, რამდენიმე მსგავსი ე.წ. ქოლ ცენტრი თბილისში გამოავლინეს. ამის შემდეგ, მიმდინარე წელს, უკვე BBC-მ გადაიღო ფილმი, რომელიც მილიარდიან თაღლითურ სქემას ეხება, მის სათავეში კი ჟურნალისტური გამოძიება მისტერ ოფშორს, ანუ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ასახელებს.

სულ რაღაც ერთი თვის წინ კი, პოლიცია ფანჯიკიძის პირველ ნომერში არსებულ ბიზნეს-ცენტრში შევიდა. გამოძიებამ, ამ შემთხვევაშიც ოფისების ნაწილი დალუქა და კომპიუტერული ტექნიკა ექსპერტიზისთვის ამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანისა და გივი ჯიბლაძის ქოლ ცენტრი ფუნქციონირებდა, რომლის მიზანიც თაღლითური გზით დიდძალი თანხების მითვისება იყო.

დღის ამბები