26 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ გუშინ გონება დაკარგა, თავი რკინის მაგიდას ჩამოარტყა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - რას ამბობენ "ვივამედში"

"ვივამედის" სამედიცინო პერსონალი პაციენტის გონების კარგვას არ ადასტურებს. კლინიკური დირექტორის თქმით,ასეთი ეპიზოდი არც ვიდეოჩანაწერებში ჩანს. ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პალატა ნომერ 501-ში მომხდარ ინციდენტს კონსილიუმის შეკრებაც მოჰყვა, სადაც მედიკოსებმაც დაადასტურეს რომ ექსპრეზიდენტს გონება არ დაუკარგავს

კლინიკის განმარტებას, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოჰყვა. ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად, კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ამბობს, რომ გონების კარგვის ეპიზოდზე მედპერსონალი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ექსპრეზიდენტმა, განცხადება სოციალურ ქსელში გუშინაც გაავრცელა.

ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც, რომელმაც დღეს ექსპრეზიდენტი კლინიკაში მოინახულა. შალვა ხაჭაპურიძე ირწმუნება, რომ გონების დაკარგვისა და მაგიდაზე თავის დარტყმის შედეგად სააკაშვილს დაზიანებებიც აქვს.

თუმცა ადვოკატისგან განსხვავებით, ექსპრეზიდენტის დედამ, შვილის თავზე დარტყმის კვალი ვერსად ნახა.

ინციდენტის შემდეგ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსებმა შეამოწმეს. კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს დაზიანებები არ აღენიშნება. სივრცეში კი სადაც პაციენტი იმყოფება, კლინიკის ინფორმაციით, რკინის მაგიდა არ დგას.

ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბის ხელმძღვანელი და ამტკიცებს, რომ კლინიკა პაციენტზე მათთვის სასურველ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატიზება მმართველი გუნდის აზრით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული მიზნების მისაღწევად სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კოლოსალური ღირებულების, ლობისტური კამპანიის ფარგლებში, სააკაშვილი მორიგი საერთაშორისო სტატიის გამოსაქვეყნებლად ემზადება, რომელიც ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

კლინიკა "ვივამედში" მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროების მოთხოვნით, ადვოკატები ხვალ სასამართლოს მიმართავენ.

 ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები