26 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ოპოზიცია მოკავშირეებს ეძებს ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რაღაც გამოძიებები აწარმოონ - შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში" განაცხადა, რომ ოპოზიცია მოკავშირეებს ეძებს ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რაღაც გამოძიებები აწარმოონ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქმე იმაში კი არ არის რომ რამის გარკვევა უნდა ოპოზიციას, საქმე იმაშია, რომ ეს არის ტიპიური ალქაჯებზე ნადირობა.

"თუკი შევხედავთ რამდენი საგამოძიებო კომისია იყო დაინიცირებული, უკვე ტრენდად იქცა, რომ აინიცირებენ საგამოძიებო კომისიას, რათა კიდევ უფრო მეტი დრამატიზება შემოიტანონ, აწიონ პიარულად ეს საკითხი და შემდეგ მივიწყებულია ხოლმე ეს თემა. თუკი აინტერესებდათ შინაარსი, სად იყვნენ აქამდე, რატომ ვერ იკრიბებოდნენ, სად იყვნენ ისინი 8 თვის განმავლობაში?! ხომ ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, 8 თვე სხვანაირად ფიქრობდნენ?! მეორე საკითხია ასევე, რამ გააერთიანა ეს 50 ადამიანი, გამოდის, რომ ეს ადამიანები ვერ გააერთიანა იდეამ და ისინი გააერთიანა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადებამ. გამოდის, რომ მათ ოპოზიციამ იგრძნო და დაიგულა სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოკავშირედ და ამიტომ გაერთიანდნენ - ეს რა დამოკიდებულებაა, ისინი მოკავშირეებს ეძებენ ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რაღაც გამოძიებები აწარმოონ. ისინი ერთ გუნდად გაერთიანდნენ იმის გამო, რომ ნახეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების გამო, უფრო მაღლა აწიონ ეს საკითხი, ან ისინი ფიქრობენ, რომ უცხო ქვეყანა იქნება მოკავშირე, საკუთარი შიდა საკითხების გადასაწყვეტად. დაფიქრდეს ყველა- სად არის აქ ან პატრიოტიზმი, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება. საქმე იმაში კი არ არის რომ რამის გარკვევა უნდა ოპოზიციას, საქმე იმაშია რომ ეს არის ტიპიური, ალქაჯებზე ნადირობა.  ეს არის პოლარიზაცია, შფოთის შემოტანა და ქიშპი. არეულობის კომისიისა და სასამართლოზე გავლენის მოპოვების კომისიის შექმნა არანაირად არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას. რაც ამას ხელს უწყობდა იყო 12 პუნქტზე მუშაობა. ვინც კი სამუშაო ჯგუფში შემოვიდა- ვნახეთ ამის შედეგი. სწორედ ეს ფორმატი შევთავაზეთ ოპოზიცია, რადგან თემა გადასულიყო არა ვერბალურ ბრძოლაში, არამედ საგნობრივ დისკუსიაში,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები