მოსკოვის დროით დღის სამი საათი - რუსეთის ყველა საინფორმაციო გამოშვება კრემლის საგანგებო განცხადებით იხსენებს. ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთილია - ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინამ ორი უპილოტო საფრენი აპარატით კრემლზე, პუტინის სამუშაო რეზიდენციაზე იერიში სცადა.
რუსეთის საინფორმაციო არხებს არ უჩვენებიათ ის კადრები, რომლებიც სოციალური ქსელში კრემლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს გაურკვეველი ობიექტი, რომელიც კრემლისკენ მიემართება, შემდეგ კი აფეთქება, ნათება და კვამლი. კადრების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინას მუქარის გზავნილი უკვე გაუგზავნა.
მოსკოვის ბრალდებებს უარყოფს კიევი. უკრაინის პრეზიდენტი ბრალდებას ჰელსინკიდან გამოეხმაურა და თქვა რომ კიევი არც პუტინს და არც მოსკოვს თავს არ დასხმია.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა გავრცელებული კადრების ავთენტურობას შესწავლა დაიწყო. ქვეყნის საჰაერო ძალების სპიკერი ამბობს, რომ ვიდეომასალა სავარაუდოდ მონტაჟია.
ღამის, სავარაუდო, თავდასხმის შემდეგ მოსკოვის მერმა რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აკრძალა. დაიკეტა წითელი მოედანი.
კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენა უკვე განხილვის თემაა.ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტის კითხვაზე თქვა, რომ რომ შტატებს ჯერ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
დღესვე, მოსკოვმა კიევს სხვა ბრალდებებიც წაუყენა. რუსეთის მტკიცებით, ყირიმში ტერორისტული თავდასხმების სერია აღკვეთეს და დააკავეს 7 ადამიანი. ფსბ-ს ინფორმაციით, დაპატიმრებულები ყირიმის რესპუბლიკის მეთაური სერგეი აქსენოვის, პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინოვისა და ქალაქ იალტის მერის პავლენკოს ლიკვიდაციას, ასევე, ნახევარკუნძულის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების ხელყოფას გეგმავდნენ.