7-9 მარტის აქციების დროს "მოლოტოვის კოქტეილების" სროლისთვის ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვეს. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ადვოკატს 20-ათას ლარიან გირაოზე უარი უთხრა.
გრიგორიადისი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა დღევანდელ პროცესზე აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიმალვა არასოდეს უცდია.
ბრალდებულის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ დაუსაბუთებელი და შაბლონური იყო.
"დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომ დატოვა პატიმრობაში ბრალდებული, იყო სრულიად უსაფუძვლო, დასაბუთებული და სრულიად შაბლონური, ერთი და იმავე არგუმენტაციით, რაც ჰქონდათ თავდაპირველად,"- აცხადებს ადვოკატი.
აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ და აღნიშნა, რომ ლაზარე გრიგორიადისს ძალადობრივ საქმესთან დაკავშირებით უკვე შეფარდებული ჰქონდა გირაო სასამართლოს მხრიდან, რამაც მისი სწორი ქცევა ვერ უზრუნველყო.
"ბრალდებულს, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს საერთოდ სხვა ბრალდება წარდგენილი და ყველა სხვა ბრალდებულს აქვს საერთოდ სხვა ბრალდება წარდგენილი, ამასთან სხვა ბრალდებულების ნაწილი არის ნასამართლობის არ მქონე და რომელიც ნასამართლევია, მას კიდევ უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ბრალად წარდგენილი და, ანუ, ინდივიდუალურია თითოეულთან მიმართებით.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ უკვე გამოყენებული იყო ძალადობრივი დანაშაულისთვის და ნივთის დაზიანებისთვის გირაო. ანუ სასამართლომ ერთხელ უკვე გამოიყენა გირაო და გირაოს გამოყენების მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრალდებულმა არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. სწორედ ახალი დანაშაულის ჩადენა განხორციელდა ბრალდებულის მხრიდან. ერთხელ უკვე გამოყენებულმა გირაომ ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, ამიტომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, რომ გაზრდილი გირაოს თანხა, ანუ 3 ათასის ნაცვლად 20 ათასი ლარი უზრუნველყოფდა მის სათანადო ქცევას,"- განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელი სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები, რომელთა შორის პოლიტიკოსებიც იყვნენ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ. 21 წლის ახალგაზრდას ბრალად 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება ედება.