26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
შეძლებს თუ არა ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მეოთხე მცდელობით - საპარლამენტო უმრავლესობა სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით გაირკვა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭსაყრელ საკითხთა სიაში არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია კომისიას ვერც მეოთხე მცდელობაზე შექმნის. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საკითხი დღის წესრიგიდან არ ამოუღიათ და პროცედურაა, რომ ბიურო პლენარული სხდომაზე განსახილველ თემებს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს, თუმცა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კიდევე თხელ ითქვა, რომ კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციის დესტრუქციულ მიზნებს უკავშირდება.

შესაძლებლობის მიუხედავად, ოპოზიციას ბიუროზე არ მოუთხოვია რომ საკითხი ხვალინდელ დღის წესრიგში ჩაესვათ. საპარლამენტო უმცირესობას ერთი შანსი რჩება - უშუალოდ სესიაზე დააყენოს ინიციატივა და ხმათა უმრავლესობით გადაწყდეს, გაიტანენ თუ არა საკითხს კენჭისყრაზე.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მმართველი პარტია ძალაუფლების გამოყენებით ხელს უშლის პროცესის ჯანსაღად წარმართვას და პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობას აფერხებს.

პოზიციის გამოხატვის შემდეგ" ოპოზიციის ნაწილმა ბიუროს სხდომა დატოვა. ადრესატები არ ესწრებოდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერებმა ოპონენტებს შეახსენეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის დაზიანებით სწორედ ისინი იყვნენ დაინტერესებული, ვინც თითქმის 8 თვის განმავლობაში პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა.

სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის შესახებ კომისიის შექმნა დღის წესრიგში არ არის თუმცა, ბიუროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირის განრიგში მოხვდა ე.წ ქოლცენტრების საქმეზე კომისიის მოთხოვნა. ინიციატორები პარტია "საქართველოსთვის" წევრები არიან. თუმცა, გიორგი გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მათ საკითხსაც სახელისუფლებო გუნდი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტს.

ხვალინდელ სხდომაზე ოპოზიცია ისევ ნაცად ხერხს გამოიყენებს. ამბობენ, რომ დარბაზში 50 ოპოზიციონერის ყოფნას უზრუნველყოფენ. სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს არც საპარლამენტო უმრავლესობა და აცხადებენ, რომ კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ და არ გეგმავენ ოპოზიციას ამის შესაძლებლობა მისცენ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. საკითხი დღის წესრიგში იყო, თუმცა კენჭისყრა ვერ ჩატარდა. საპარლამენტო უმრავლესობამ პროცედურის წინ რეგლამენტის შესაბამის მუხლს მიმართა და რეგისტრაცია არ გაიარა.

დღის ამბები