შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის შესახებ ცნობებით შეშფოთებულია - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჯონ კირბის თქმით, ძალადობის დასასრულებლად ვაშინგტონი მუდმივ კავშირზეა როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან. შეერთებული შტატები მხარეებს პირდაპირი საკომუნიკაციო არხების აღდგენისკენ მოუწოდებს.
"შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის შესახებ ცნობებით, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით შეშფოთებულია. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა ვერ ექნება. ძალადობის დასასრულებლად ამერიკული მხარე აქტიურადაა ჩართული ორივე ქვეყნის ხელისუფლებებთან. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ესაუბრა. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, აღადგინონ პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო არხებით, რათა კრიზისი მოგვარდეს," – აცხადებს ჯონ კირბი.