27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ეს ზღვარი არ უნდა დაიკარგოს - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას. თემაზე ბრიფინგი ხატია დეკანოიძემ გამართა. მისი თქმით, ყველა პროცესი, რომელსაც "ოცნება" კურირებს არის იმიტაციური.

"არაერთხელ მივუთითეთ მმართველ უმრავლესობას, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას, მათ შორის მაშინ, როდესაც პოლიტიკური რეპრესირების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ფარული თვალთვალი და მიყურადება და როდესაც ქვეყანაშ ფარული თვალთვალისა და მიყურადების მიმართულებით სამართლებრივი ჩარჩო და ბერკეტები არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს კანონი არის მიღებული ვიწროპარტიული ინტერესებით, რაც არის ხაზგასმული ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაში და რეალურად არ შეესაბამება ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას ქვეყანაში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეფასება გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმაც. გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ეს ზღვარი არ უნდა დაიკარგოს.

"ეს არის ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტი და კანონი ანუ ამაზე ჩვენ ერთად უნდა შევთანხმდეთ, პრინციპულად რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას დღეს და აქედან გამომდინარე, თორემ პრინციპებზე, ძალაზე, დაძლევაზე და ხმების რაოდენობაზე არ არის საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა კარგად გაეცნობა ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ მიიღებს იმ გადაწვეტილებას, რომელიც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები. ეს ზღვარი რომ არ დაიკარგოს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის, სწორედ ამიტომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტოს უფლება," - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" ითქვა, რომ რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ.

"პრაქტიკულად რაიმე წონადი არგუმენტი ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რეალურად წარმოდგენილი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, არ ვიცი საიდან გაჩნდა იდეა, რომ პროცედურები იყო ნაჩქარევი," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

ვენეციის კომისიის გადაუდებელი მოსაზრება 26 აგვისტოს ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედების გარშემო ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.

დღის ამბები