უკრაინის ომის 184-ე დღეს, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური იერიშები მიმდინარეობდა ხარკოვის მიმართულებით. დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულები. თავდასხმა განხორციელდა დონეცკზეც, დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკიზე "გრადის" ტიპის რაკეტებით თავდასხმა 9 ჯერ განახორციელეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. აფეთქეების ხმა ისმოდა მიკოლაევშიც.
იმ უპრეცედენტო მოვლენას, რასაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერება წარმოადგენს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი:
"დღეს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ.
მინდა დავარწმუნო ყველა უკრაინელი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საგანგებო სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს დაუყოვნებლივ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ტერიტორია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმოქმედონ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა მოქმედებენ, რადგან ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი," - განაცხადა ვოლოდიმირ ძელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის ალექსანდრ სტუპუნის თქმით, ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში რეაქტიული არტილერიით მიიტანა:
"მტერმა რეაქტიული არტილერიით იერიშები ხარკოვის მიმართულებით მიიტანა. ის იყენებდა საფრენ აპარატს საჰაერო დაზვერვისთვის. სლავიანსკის მიმართულებით - მტერმა ჩაატარა საბრძოლო მოქმედებები, რათა შეენარჩუნებინა ადრე დაკავებული პოზიციები. დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები არ წყვეტენ თავდასხმებს. კრამატორსკის მიმართულებით მან დაბომბა ჩვენი ჯარების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მტერმა განახორციელა იერიშები ზაპოროჟიეს მიმართულებით. ასევე სამხრეთ ბუზის მიმართულებითაც, სადაც რუსი სამხედროები ცდილობენ ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთას. შავი და აზოვის ზღვის წყლებში ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას დაზვერვის ჩასატარებლად მიმართავენ. უკრაინელი დამცველები მტკიცედ დგანან," - განაცხადა ალექსანდრ სტუპუნმა.