27 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩასვლას გეგმავს - BBC

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, იგი უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩავა - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, პირადად გროსი უხელმძღვანელებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ინსპექტორთა მისიას, რომელიც უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩავა.

სააგენტოს დირექტორს არ დაუკონკრეტებია, რომელი გზით ჩავა ზაპოროჟიეში, უკრაინისა თუ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებით, თუმცა აღნიშნა, რომ შექმნილი გადაუდებელი ვითარების გამო, ტერიტორიული ასპექტები გვერდზე უნდა გადაიდოს.

გროსის განცხადებითვე, მის გუნდს სურს გამოიკვლიოს, დაირღვა თუ არა სადგურის მთლიანობა, მუშაობს თუ არა უსაფრთხოების სისტემა და სადგურის ელექტრომომარაგება.  ინსპექტორებს სურთ, გაესაუბრონ სადგურზე მყოფ როგორც უკრაინელ, ისე რუს პერსონალს.

ინფორმაციისთვის: ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია მარტიდან მოყოლებული რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბირთვული ობიექტი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს და არაერთხელ იქცა თავდასხმის სამიზნედ.

დღის ამბები