27 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
"ISFED იყო პივიტის გაყალბებაში აქტიურად ჩართული, მისი მეშვეობით განხორციელდა პივიტის გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი" - ირაკლი კობახიძე 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე "ისფედთან" დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც პივიტის შედეგები "ისფედის" მხრიდან ცდომილებით გამოქვეყნდა.

ასევე ივნისის აქციები, როდესაც ორგანიზაცია პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიოდა. მისი თქმით, თუ ორგანიზაცია შეცდომებს საჯაროდ აღიარებს, მაშინ შესაძლებელი გახდება მისი ჩართვა სამუშაო პროცესში.

"ისფედი" იყო პივიტის გაყალბებაში აქტიურად ჩართული, მისი მეშვეობით განხორციელდა პივიტის გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და თქვენ გახსოვთ რა როლი შეასრულა პივიტის გაყალბებამ იმ პროცესებში, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარიმართა. რადიკალური ოპოზიციისთვის პივიტის გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, პრაქტიკულად "ისფედი" მაშინ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ "ისფედს" უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე საიდანაც გაისმის, მათ შრის მათ მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ანუ აქაც "ისფედი" მოგვევლინა რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ. როდესაც ამის შემდეგ, სრული ლუსტრაციის შემდეგ საელჩო "ისფედს" უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს ასეთს სურვილს , რომ იყოს სამუშაო პროცესში ჩართული, ეს ჩვენთვის არის გასაკვირი.

საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში მთელი რიგი ფაქტების გამო. საზოგადოება ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყოს ამერიკული დაფინანსებით მოქმედი NGO, როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს ასეთი ტიპის განცხადებები, ეს ბუნებრივია საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ელენე ნიჟარაძემ, რომელიც იყო მაშინ "ისფედის" აღმასრულებელი დირექტორი მან განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოსთვის უკვე იყო USAID ინფორმირებული პივიტის ცდომილებასთან დაკავშირებით, ანუ ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც თავად ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გაავრცელა.

გამომდინარე აქედან აქ რაიმე ეჭვებიც კი აღარ არსებობს, ეს ინფორმაცია არსებობდა. სამწუხარო ის არის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში წარმოებდა მოდერაცია, ე.წ. პოლიტიკური კრიზისის გარშემო. ეს მოდერაცია წარმოებდა საელჩოს მოდერაციით და სამწუხაროა, რომ ასეთ დროს თუ იცოდა უკვე, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ იცოდა საელჩომ ცდომილების შესახებ, ეს იყო მთავარი საყრდენი მოდერაციისთვის ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გამოცხადებისთვის. ასეთ დროს უკვე ბევრი კითხვის ნიშანი, რა თქმა უნდა, ჩნდება," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსის" გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" მონაწილეობის ნება არ დართეს. ამერიკის საელჩოს განცხადებით, "სამართლიანი არჩევნების" (ISFED), როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე.

დღის ამბები