ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი ოთხჯერ დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქსა და ლუგანსკზე. რუსმა სამხედროებმა თავდასხმა განახორციელეს ხარკოვზეც, უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
"სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3,500-სს უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია იმდენად ბევრია. ამავდროულად, ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშს საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მადლობელი ვარ ყველა ევროპელი პოლიტიკოსის, ვისაც არ ავიწყდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტია საჭირო. რაც უფრო დიდია ინტერვალი სანქციების პაკეტებს შორის, მით უფრო დიდია რუსეთის თავხედობა," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდება:
"ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, ხოლო მაღალი ინტენსივობის ომი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდება. მათ ეგონათ, რომ დაუსჯელად მოგვკლავდნენ, თვითონ კი დასხდებოდნენ და დაელოდებოდნენ ამ ყველაფრის დასრულებას და მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაზარალებულიყვნენ. ყირიმში გაურკვეველი წარმოშობის თავდასხმების რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, რაც გააფუჭებს არა მხოლოდ კონკრეტულ სეზონს, არამედ გააფუჭებს მოპარულ ტერიტორიაზე ცხოვრების შესაძლებლობას,"- აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
ავტორი: სანდრო სანაია.