რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) დარია დუგინას მკვლელობაში უკრანული სპეცსამსახურები დაადანაშაულა, უწყებაში ამბობენ, რომ მათ დანაშაული გახსნეს.
"დადგინდა, რომ დანაშაული მოამზადეს და განახორციელეს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა. შემსრულებელი არის 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი," - ნათქვამია "ეფ-ეს-ბეს" განცხადებაში.
უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ ვოვკი რუსეთში, 12 წლის ქალიშვილთან ერთად 23 ივლისს ჩავიდა და ქირით დუგინას მეზობლად ცხოვრობდა. მათი მტკიცებით, უკრაინელი ქალი დარია დუგინას ცხოვრების წესს ეცნობოდა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.
როგორც ორგანიზაციის წევრები წერენ, მასში გაწევრიანებული არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან.
"ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან. ისინი პუტინს აცხადებენ უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გასწირა.
ორგანიზაცია პუტინს განადგურებით ემუქრება. ასევე, საკუთარ განცხადებაში ყველა რუს ჩინოვნიკს აფრთხილებენ, რომ თუ ისინი არ დათმობენ ძალაუფლებას, მათაც განადგურება ელოდებათ.
უკრაინის კავშირს დუგინას მკვლელობასთან გამორიცხავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, ამ საქმის უკან არ დგას, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური ქვეყანა, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო. ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენის არსებობას. ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს და საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლით, უკრაინის მიმართ სიძულვილს კიდევ უფრო გააღვივებს," - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.