27 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ნიკა მელია ამბობს, რომ შსს-დან კადრების მასიური გადინებაა - რას პასუხობენ მას უწყებაში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინებაზე საუბრობს. ნიკა მელიამ ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ უწყებაში დასაქმებულები ან ქვეყანას ტოვებენ, ან სხვა სამსახურს ეძებენ.

"სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება რომ მასიურია, ამას შსს-ს მიერ მხოლოდ აგვისტოში გამოცხადებული ვაკანსიაც ცხადყოფს, მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად შსს-მ კონკურსი გამოაცხადა. ასეთი მასშტაბური ვაკანსია ამ პოლიციას არ ახსოვს!"- აცხადებს ნიკა მელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ისევ აგრძელებს არარეალურ ფაქტებზე აპელირებას.

"საკუთარი ტყუილების ლაბირინთში ეხვევა ენმ, ის რაც არ არსებობს და ის რისი რეალური საფუძველიც არ  არსებობს სწორედ მასზე ხდება აპელირება,"- ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები