ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს.
ამის შესახებ აღნიშნულია "როიტერის" ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ცნობით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება.
ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია "ყაზმუნაიგაზი" აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკართან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით წლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობი გავიდეს. წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტი შეიძლება დაიწყოს 2023 წელს აზერბაიჯანული მილსადენით საქართველოს შავი ზღვის სუფსის პორტამდე.
ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი შეადგენს მსოფლიო მომარაგების ერთ პროცენტზე მეტს, ანუ დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელს დღეში. 20 წლის განმავლობაში ნავთობი მილსადენით იგზავნებოდა რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ბაზარზე წვდომას. ივლისში რუსეთის სასამართლო "კასპიის მილსადენის კონსორციუმის" დახურვით დაიმუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, დადონ კონტრაქტები სხვა სატრანზიტო მარშრუტებთან. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა მიაღწია 14 წლის მაქსიმუმს და შენარჩუნდა მაქსიმუმზე. ივლისში ბარელზე საშუალოდ 100 დოლარზე მეტი იყო.