27 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
რა ჩანს სატელიტურ ფოტოებზე, რომელიც ყირიმის ავიაბაზაზეა გადაღებული

BBC ავრცელებს სატელიტურ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ყირიმში მდებარე რუსეთის ავიაბაზაზე სამხედრო თვითმფრინავები განადგურებულია. ბაზაზე აფეთქება სამშაბათს მოხდა, შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინას არ აუღია, თუმცა, როგორც BBC წერს, ახალი მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო. 

სატელიტურ ფოტოებზე ჩანს ავიაბაზის გადამწვარი ტერიტორია, სადაც, აფეთქების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მთავარი ასაფრენი ბილიკი დაუზიანებელია, თუმცა გადანდგურებულია სულ მცირე 8 ვერტმფრენი. 

აფეთქების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და სამხედრო ობიექტზე, უბრალოდ, საბრძოლო მასალა აფეთქდა.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინისა და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

"დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს. ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გუშინ რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ძალები დგას. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინული ყირიმი 2014 წლის გაზაფხულზე დაიპყრო და ნახევარკუნძული უზარმაზარ სამხედრო ბაზად აქცია.

დღის ამბები