საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანაში ომის და მეორე ფრონტის მომხრე არავინ არის.
"ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.
დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ.
ისიც მინდა, ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.