27 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა "სატელიტმა" პარტიებმა, ბოლო პერიოდში ააგორეს კამპანია, თითქოს რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ. 

როგორც კობახიძე განმარტავს, ეს ცრუ ინფორმაციაა და სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. 

"როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ "ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი "ენჯეო", მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.
 
ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა.
 
თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები.
 
რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ.
 
მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა. სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები