აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე გამოსვლის დროს მოსკოვი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის შემცირების ტენდენციის შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და ის ასევე ეწინააღმდეგება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება გარანტიებს, რომლებიც მან უკრაინას 1994 წელს მისცა ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმით და რომლებიც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას ჰქონოდა ნდობა, უარი ეთქვა ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რომელიც მის ტერიტორიაზე დარჩა.
რა გზავნილია ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მსოფლიოში, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს, რომ მას სჭირდება ბირთვული იარაღი თავდაცვისთვის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგრესიის მოგერიებისთვის? ეს ყველაზე ცუდი გზავნილია.
ბირთვული იარაღის შემცირების ტენდენციის შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა დავუახლოვდეთ მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე.
ამის მისაღწევად, მე მოვუწოდებ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ჩართულობისკენ,"- აცხადებს ბლინკენი.