28 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
მადლობა საქართველოს სიმამაცისთვის და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის - სენატორი მიჩ მაკკონელი

საქართველო მზადაა განამტკიცოს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად - ამის შესახებ ამერიკელ სენატორებთან, საქართველოს ელჩმა განაცხადა.

დავით ბაქრაძემ რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს და სპეციალურ სტუმარს სენატის უმცირესობის ლიდერს სენატორ მიჩ მაკკონელს საელჩოში უმასპინძლა.

"ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა აშშ-ს მიიჩნევს, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ეს აძლევს საქართველოს გამბედაობას და ძალას, ისწრაფვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებისკენ ძალიან რთულ რეგიონში, რათა ვემსახუროთ იმ საერთო ღირებულებებს და ინტერესებს, რაც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახლა ნიუ-იორკშია, იგი დღეს სიტყვით მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. პრემიერ-მინისტრი ადასტურებს მზაობას განამტკიცოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური მომავალი აშშ-სთან ერთად," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

სენატის უმცირესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე დგომისთვის, მათ შორის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში რუსული სენტიმენტების არარსებობისთვის

"ქართველებს უწევთ დაუდგნენ რუსებს, თან ძალიან ახლოდან, მათ შორის შემოჭრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წელია გრძელდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში არ არის არანაირი სენტიმენტი რუსეთის მიმართ. ასე რომ მადლობა საქართველოს სიმამაცისთვის და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის. ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით," - განაცხადა სენატორმა მიჩ მაკკონელიმ.

დღის ამბები