28 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი იმედგაცრუებულია და ნანობს, რომ მხარი დაუჭირა ერთ, მეორე, მესამე და მეოთხე პოლიტიკურ პარტიას, რადგან ესენი არიან არაჯანსაღი ძალები, ნული პატრიოტიზმით და ნული ქვეყნის სიყვარულით - ირაკლი კობახიძე

თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ეს იქნება მათი პრობლემა, მათი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მმართველი ძალის მსგავსად, უნდა იყოს ქვეყანაზე ზრუნვა ოპოზიციის რიგებიდან, თუმცა ამას არ აკეთებენ და მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ - შეასრულონ დავალება, რომელსაც აძლევენ გარედან.

"თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ეს იქნება მათი პრობლემა. ერთ-ერთ ჟურნალისტთან ჰქონდა პოლემიკა მამუკა მდინარაძეს და კითხვა დასვა - მე რომ არ მოვსულიყავი თქვენს ეთერში, ამ ეთერის გაფუჭება თქვენი დანაშაული იქნებოდა, თუ ჩემიო? ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ამ ქვეყანაზე, ვისარგებლოთ იმ მანდატებით, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა. მათი პასუხისმგებლობაც იგივე უნდა იყოს, ზრუნვა ქვეყანაზე ოპოზიციის რიგებიდან და იმ მანდატებით სარგებლობა, რომელიც მათ მიანიჭა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, მაგრამ ამას არ აკეთებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის 758 00 ოპოზიციური ამომრჩეველიც გაღიზიანებულია დღეს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და რომელმაც მხარი დაუჭირა რადიკალურ ოპოზიციას ერთობლიობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი უდიდესი ნაწილი დღეს არის იმედგაცრუებული და ნანობს, რომ მხარი დაუჭირა ერთ, მეორე, მესამე და მეოთხე პოლიტიკურ პარტიას, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესებით იკვეთება, რომ ესენი არიან სრულიად არაჯანსაღი ძალები, ნული პატრიოტიზმით, ნული ქვეყნის სიყვარულით, ნული ზრუნვა ქვეყანასა და მოსახლეობაზე, არაფერი აინტერესებთ გარდა ერთისა, მათ უნდა შეასრულონ ის დავალება, რომელსაც აძლევენ გარედან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები