28 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
"რაიმე თვითკრიტიკა გაგაჩნიათ ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავის მიმართ?" - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა დასრულდა

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა დასრულდა. დღეს მე-9 კანდიდატი, გიორგი შავლიაშვილი წარსდგა დეპუტატების წინაშე.

ბოლოს მას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. მათი კითხვები, დეპუტატთა ნაწილის მსგავსად,  გიორგი შავლიაშვილის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდს უკავშირდებოდა.

გიორგი შავლიაშვილს 16 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს, ის 2005-09 წლებში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და მის მიმართ, სწორედ ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დაისვა კითხვები, მათ შორის კითხვები ეხებოდა სანდრო გირგვლიანის საქმესაც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის, ვახუშტი მენაბდის კითხვა ეხებოდა, ჰქონია თუ არა თვითკრიტიკა ამ წლების განმავლობაში.  

"გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ რაღაც სწორად ვერ გააკეთეთ, რაიმე თვითკრიტიკა გაგაჩნიათ ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავის მიმართ?“ - მიმართა შავლიაშვილს ვახუშტი მენაბდემ, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მან შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთა.

„მიმაჩნია, რომ გავაკეთე მაქსიმუმი იმისა, რის გაკეთებაც შეიძლებოდა და რის გაკეთებაც შემეძლო.“  - აღნიშნა გიორგი შავლიაშვილმა. 

დღის ამბები