თურქი ქალი შექერ არსლანი ირწმუნება, რომ გასულ კვირას თავისი 119-ე დაბადების დღე აღნიშნა. ამ შედეგით ის მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი ადამიანია.
თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შექერ არსლანმა იუბილე ჩრდილოეთ თურქეთში მდებარე ქალაქ ამასიაში ოჯახურ წრეში იზეიმა.
მისი პირადობის მოწმობის თანახმად შექერ არსლანი 1902 წლის 27 ივნისს არის დაბადებული. ამასთან აღმოჩნდა, რომ ოჯახს მისი ასაკი აერია და დაბადების დღის ტორტზე 120 წელი მიუთითა.
შექერ არსლანს 6 შვილი და 12 შვილიშვილი ჰყავს, როგორც ამბობენ, მან ხანგრძლივი სიცოცხლე გენეტიკურად დედისგან მიიღო, რომელმაც 110 წლამდე იცოცხლა.
შექერ არსლანის შვილი, დედის ხანგრძლივ სიცოცხლეს ნატურალური საკვებს უკავშირებს, როგორიცაა ნატურალური კარაქი, თაფლი და ყველი.
"კარაქი, თაფლი და ყველი ყოველთვისაა მაგიდაზე, ადრე ის თავად აკეთებდა იოგურტს. საუზმეზე მოხარშულ კვერცხსაც მიირთმევს,"- ამბობს მისი შვილი იუკსელ არსლანი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედას ალცჰეიმერის დავაადება აქვს, სხვა მხრივ ის ჯანმრთელი რჩება.
მისი ასაკის თანახმად შექერ არსლანი მოესწრო პირველ მსოფლიო ომს, ესპანური გრიპის პანდემიას, ოსმალეთის იმპერიის დაცემას, მეორე მსოფლიო ომს, ცივ ომს და უკვე კორონავირუსის პანდემიასაც. COVID-19-მა მის ოჯახში შეაღწია, თუმცა შექერს ოჯახის წევრებისგან ვირუსი არ გადადებია.
ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, რომ შექერ არსლანი მსოფლიოში ყველაზე მხცოვან ადამიანად იყოს აღიარებული და კონკურენცია გაუწიოს ახლანდელ რეკორდსმენს იაპონელ კანე ტანაკას, რომელიც მასზე 6 თვით გვიან 1903 წლის იანვარსაა დაბადებული და მსოფლიოს ყველაზე მხცოვანი ადამიანის ტიტულს ატარებს.
თუ შექერ არსლანის ასაკი დადასტურდება, ყველაზე მხცოვანი ადამიანების რეიტინგის სათავეში სწორედ თურქი ქალი გადაინაცვლებს.