28 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
არ მესმის რას გულისხმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებში, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია არავის განუხორციელებია - ანდრეი რუდენკო

ჟენევის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ მას არ ესმის, რატომ იყენებს ქართული მხარე ტერმინს - ოკუპაცია. საკუთარ პოზიციაში მეტი დამაჯერებლობისათვის კი ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია არავის განუხორციელებია.

მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება კრემლის კომპეტენციაში არ შედის. 

"რაც შეეხება დაკავებულ ზაზა გახელაძეს, ამაზე საუბარი გვქონდა, თუმცა ეს რუსეთის კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ და ოსურ მხარეებს, ეს საკითხი თავადვე გადაწყვიტონ. ეს არ არის უბრალო საკითხი და ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტა მოხდება, თუმცა არ ვიცი, როგორ.

რაც შეეხება აფხაზეთს, იქ არსებობს საზღვარი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ის მშვიდობიანად გადაკვეთონ. არ მესმის, რატომ ხდება საჭირო სასაზღვრო პუნქტების გვერდის ავლით საზღვრის კვეთა. არ მესმის, რას გულისხმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებში, ჩვენ მსგავს ტერმინებს არ ვიყენებთ. ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია არავის განუხორციელებია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით და შესაბამისად ვმოქმედებთ," - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო.

დღის ამბები