28 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური შევიდა

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა. შემოწმების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში, AstraZeneca-ს გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა. რამ გამოიწვია შეფერხება, ეს სპეციალური ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა.

პირველი კომენტარი უკვე გაკეთდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დროებითი შეფერხება და ისევ გავაგრძელებთ. რაღაც დოზები მოითხოვა ჯანმომ, იმიტომ, რომ შეემოწმებინა ამ ვაქცინების შენახვის პირობები რამდენად სწორად იყო დაცული. შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგშია და ეს დოზები ისევ დაუბრუნდება ჩვენ მოქალაქეებს," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

კომენტარი გააკეთა ასევე ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინები არსად გამქრალა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, შიდა აუდიტი დაავადადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, კონკრეტული მითითებები კი დღეს გახდება ცნობილი.

"ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა.

შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ მოხსენებას, ასევე მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები