28 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
გელათი დროებით სრულად ჩაიკეტა - სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს ექსპერტები მუშაობენ

დღეს პირველად გელათის სამონასტრო კომპლექსი სრულად ჩაიკეტა. მომლოცველებს და დამთვალიერებლებს დღეს ტაძრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ევროპელი ექსპერტების კვლევითი სამუშაოების გამო არ მიეცათ.

ის, რომ ტაძრის სახურავი და ფრესკები არასწორი სამუშაოების გამო დაზიანდა, უკვე ცნობილია და ამ შედეგის გამო პასუხისმგებელი ქართული კომპანიაც დაჯარიმდა. ახლა ძეგლის მდგომარეობის კვლევის და ჩასატარებელი სამუშაოების რეკომენდაციების პასუხისმგებლობა იუნესკომ ევროპელ სპეციალისტებს დააკისრა. პროცესის მეტ გამჭვირვალობას კი არასამთავრობო სექტორი ითხოვს.

დღეს სამონასტრო კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე არც სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მათ ტაძარი სპეციალისტებს რამდენიმე დღით, მშვიდად მუშაობისთვის დაუთმეს.

იუნესკოს ექსპერტები გელათში რამდენიმე დღეს იმუშავებენ და პირველად შედეგს მედიასთან შეაჯამებენ. შემდეგ კვლევის ანალიზს ევროპაში გააკეთებენ და რეკომენდაციებით დაბრუნდებიან. საბოლოოდ კი ქართველი და ევროპელი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ იმისთვის, რომ 14 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მაქსიმალურად დადებითი შედეგით დასრულდეს. 

დღის ამბები