მამის დღეზე დაწერილი წერილი წარწერით "მამას - სამოთხეში" ლესტერელი ფოსტალიონის ხელში მოხვდა.
ინგლისელი გოგონა ოთხი თვის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. იგი ყოველ მამის დღეს წერდა მისთვის წერილს. რვა წლის ასაკში კი გადაწყვიტა, მის მიერ დაწერილი წერილი საფოსტო ყუთში ჩაეგდო და ასეც მოიქცა.
ფოსტალიონი, რომელმაც მამა გასულ წელს დაკარგა, თავის მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ეს წერილი საფოსტო ყუთში დაინახა. იმის გათვალისწინებით, რომ წერილს არ ჰქონდა ზუსტი მისამართი მითითებული, დიდი შანსი იყო, რომ იგი უბრალოდ გადაეგდოთ, ან დაკარგულიყო.
"მე ჩემს მენეჯერს ვესაუბრე, შეიძლებოდა თუ არა ამ წერილის ოჯახისთვის დაბრუნება,"- განაცხადა ფოსტალიონმა, რომელმაც თავისი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.
ოჯახის პოვნის მიზნით მან წერილის ფოტო Facebook-ზე დაპოსტა. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მალევე გამოჩნდა 8 წლის ბავშვის დედა, სახელად ტული, რომელმაც გაუხსნელი წერილი დაიბრუნა.
მშობლის განცხადებით, ნამდვილად არ ეგონა, თუ ამ ამბავს მსგავსი გამოხმაურება მოჰყვებოდა და თქვა, რომ წერილს მთელი ცხოვრება შეინახავს.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე