სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო ყუთების გახსნიდან 2 საათში, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატის ავტომობილს ესროლეს. არმან ბაბაჯანიანისთვის ეს თავდასხმა პროვოკაციაა ოპონენტი ოპოზიციის და არა ხელისუფლების მხრიდან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ერთიანობის არარსებობის გამო წუხს. სერჟ სარქსიანი მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე პროგნოზს არ აკეთებს და არჩევნების შედეგებს ელოდება.
სომხეთში ქვეყნის მასშტაბით 2000-მდე საარჩევნო უბანია გახსნილი. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარ ძალებს 21 პარტია და 4 ალიანსი ამოწმებს. წინასწარი სოციოლოგიური კვლევებით, სომხეთის მოსახლეობის 24% მხარს ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს უჭერს; 23.8% კი პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი, ხოლო ბლოკებს - 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
სომხეთში მიმდინარე არჩევნებს 749 ადგილობრივი და 135 უცხოელი ჟურნალისტი აშუქებს. მათ შორისაა "კურიერის" გადამღები ჯგუფი.